მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის მიწის ნაკვეთი გამოიყო - ალი ასადოვი

კობახიძე ასადოვი
17.01.25 12:01
332

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაც გახსნა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანს მივულოცო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP-29) წარმატებით ჩატარება. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო COP-29-ის მუშაობაში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები