ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც საქართველოში ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვაა. ამის შესახებ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
“იცით, რომ გარკვეული პერიოდია, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია. ეს პირდაპირ ითარგმნება ციფრებში, მიუღებელ შემოსავლებში და აღნიშნული ფაქტორის გამო, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა, ფაქტობრივად, 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი, რაც დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტურია მიუღებელ შემოსავლებში. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად ვერ მოხდა”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულში, კოვიდპანდემიის გამო მიიღო. მაშინ ბაქოში აცხადებდნენ, რომ საკარანტინე რეჟიმი იმ დრომდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს, რის გამოც შეზღუდვა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრებს ქვეყანა 2024 წლის 2 აპრილს გახსნის, მანამდე კი აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი.
საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი რჩება - Civil.ge