აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში ჰიჯაბის აკრძალვამ საზოგადოებაში მწვავე საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება განაპირობა მთავრობის მიერ გასულ თვეში დამტკიცებულმა ცვლილებამ, რომელიც სასკოლო სივრცეში „სეკულარიზმის პრინციპის“ დამრღვევი სამოსის ტარებას კრძალავს.
საყურადღებოა, რომ მიღებულ დოკუმენტში მუსლიმური თავსაბურავი პირდაპირ დასახელებული არ არის, თუმცა სკოლების ნაწილმა ჰიჯაბით მისული მოსწავლეებისა და პედაგოგების გაკვეთილებზე შეშვება უკვე შეწყვიტა.
ახალ შეზღუდვებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საპროტესტო გამოსვლები და სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი კამპანია მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე ორ სკოლაში მოსწავლეებმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
Al Jazeera-სთან საუბარში მასწავლებელმა ზაჰრა ჰასანოვამ დაადასტურა, რომ სკოლაში ჰიჯაბით შესვლა მასაც აუკრძალეს. პედაგოგის განმარტებით, თავსაბურავის ტარება ადამიანის ექსკლუზიური პირადი არჩევანია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის მოსახლეობის 96%-ს მუსლიმები შეადგენენ, თუმცა ქვეყნის კონსტიტუცია სახელმწიფოს სეკულარულ მოწყობას განსაზღვრავს და რელიგიის თავისუფლებას იცავს.
























