საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერები საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებისთვის. ახალი მაგისტრალების მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის 250 მილიონი ევროს სესხით (747 მილიონი ლარით) ფინანსდება.
ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. ორივე გზის საერთო სიგრძე 61.3 კილომეტრია და ის შემდეგ ლოტებად არის დაყოფილი:
1 ლოტი - რუსთავი ალგეთის გზაგასაყარი, 21 კმ;
2 ლოტი - ალგეთი წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი), 10.9 კმ;
3 ლოტი - ალგეთი არაფლო, 13 კმ;
4 ლოტი - არაფლო სადახლო (სომხეთის საზღვარი), 16.3 კმ.
აღნიშნული პროექტისთვის ტენდერები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროექტი მთლიანობაში 4-ზოლიანი მაგისტრალების მშენებლობას გულისხმობს, რომლითაც არსებული 2-ზოლიანი გზები ჩანაცვლდება. პროექტი 26 ხიდის და 11 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ითვალისწინებს.
ტენდერების დასრულება და კონტრაქტების გაფორმება 2025 წელს იგეგმება, რა დროისთვისაც გზების დეპარტამენტი მშენებლობის დაწყებას მოელის. პროექტის თანახმად, გზების მშენებლობა 30 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრომ როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრეაციის გზით შესყიდვა დაიწყო.