სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ექსკლავების გაცვლისა და სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა.
როგორც ირკვევა, ახალი ხედვა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასა და რატიფიცირებას უნდა დაეფუძნოს. ახალი ფორმულის მიხედვით სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე ანკლავები და ექსკლავები აღარ იარსებებს.
შესაბამისად, მხარეებმა ზუსტად თანაბარი მოცულობის ტერიტორიების გაცვლა უნდა უზრუნველყონ. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, პროცესის დასრულების შემდეგ სომხეთის ფართობი 29,743 კვადრატულ კილომეტრად განისაზღვრება. ამასთან, საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ალმაატას დეკლარაციის საფუძველზე მოხდება.
არსებული ინფორმაციით, პრემიერის გეგმა სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების, მათ შორის ყარაბაღის, გარდმანის, შირვანის, ნახიჩევანისა და „დასავლეთ აზერბაიჯანის“ საკითხებზე დავის წამოყენებაზე უარის თქმას ავალდებულებს.
რაც შეეხება სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კავშირებს, ყველა საავტომობილო გზა და კომუნიკაცია TRIPP-ის პროექტის ფარგლებში გაიხსნება. პარალელურად, მხარეები დამოუკიდებელ მარშრუტებსაც აამოქმედებენ.
























