სომხეთმა ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. როგორც Reuters-ი წერს, ეს ნაბიჯი აზერბაიჯანთან ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად გადაიდგა.
განახლებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მთიანი ყარაბაღის საკითხზე. კონფლიქტური რეგიონის სომხეთთან გაერთიანების შესახებ საბჭოთა პერიოდში გაკეთებული ჩანაწერი სრულადაა ამოღებული.
აღსანიშნავია, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოო შეთანხმების ხელმოწერის პროცესში ბაქოს მთავარი დაბრკოლება სწორედ ეს ჩანაწერი იყო.
ცნობისთვის: ახალი კონსტიტუციის პროექტი საჯარო განხილვას საჭიროებს და ეს პროცესი მომდევნო კვირებში დაიწყება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის დასანიშნად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სულ მცირე, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის დარწმუნება მოუწევს, რადგან მის მმართველ პარტიას, "სამოქალაქო შეთანხმებას", საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.
საყურადღებოა, რომ პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ფაშინიანის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი უკვე ღიად თქვეს. ოპონენტები მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანთან დათმობებზე წასვლასა და კაპიტულაციაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას გასული წლის აგვისტოში მიაღწიეს. მას შემდეგ მეზობელმა ქვეყნებმა სავაჭრო კავშირების აღდგენა დაიწყეს და განაცხადეს, რომ "რეალური მშვიდობის" მიღწევისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
























