მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა იანვარში გაზის ექსპორტი 12%-ით გაზარდა

63ea37084469a
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 17:18
665
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 4.2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი იქნა წარმოებული, აქედან ნახევარზე მეტი [2.3 მილიარდი კუბური მეტრი] ქვეყანამ შაჰდდენიზის საბადოდან მიიღო.

აღსანიშნია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზის წარმოება 4%-ით [162 მლნ კუბური მეტრი] არის გაზრდილი.

2023 წლის იანვარში ქვეყანამ 2.2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც 12%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ერთი მილიარდი კუბურის მოცულობის გაზის ექსპორტი აზერბაიჯანმა ევროპაში განახორციელა, 0.9 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში, ხოლო 0.3 კუბური მეტრი - საქართველოში. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობითვე, ტრანსანატოლიური გაზსადენით [TANAP] დაახლოებით 0.5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი იქნა ტრანსპორტირებული.

გასულ წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკით, ევროპაში გაზის ექსპორტი ქვეყანამ 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.