ქართლის რეგიონში დაფიქსირებული ჭირის შემთხვევების გამო, აზერბაიჯანმა საქართველოდან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა/ცხვარი) იმპორტი აკრძალა.
როგორც bm.ge-ის აზერბაიჯანული ბიურო წერს, საქართველოში გავრცელებული ჭირის შემთხვევების გამო, აზერბაიჯანმა საზღვრისპირა რაიონებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.
13 მარტიდან 29 მარტამდე ჩატარებული მონიტორინგის დროს 6-12 თვის ასაკის წვრილფეხა პირუტყვის 845 ნიმუში გამოვლინდა, რომლებიც 195 ინდივიდუალურ ან საერთო ფერმერულ მეურნეობაში ცხოვრობენ. საუბარია სულ 65 დასახლებულ პუნქტზე.
bm.ge-იმ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვა ინფორმაცია, ახლა როგორია ჭირის გავრცელების მასშტაბი და კონტროლის მექანიზმები საქართველოში.
"სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ დადასტურებული იქნა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის დაავადება. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH), ამასთანავე, სააგენტოს მიერ გატარებული იქნა დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები (ვაქცინაცია, დეზინფექცია), რის შედეგად, მისი გავრცელების საფრთხე დღეისათვის არ არსებობს", - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მოწერილ პასუხში.
ქართული ცხვრისთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი საექსპორტო ბაზარია. წელს, სამ თვეში საქართველოდან სულ 991.8 ათასი აშშ დოლარის ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა.
კატარი - 571.9 ათასი აშშ დოლარი;
საუდის არაბეთი - 396.4 ათასი აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი - 23.4 ათასი აშშ დოლარი.
გასული წლის 12 თვეში კი, საქართველომ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტით 44.1 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც აზერბაიჯანში 14.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაიყიდა.