მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო შეხვედრა

თბილისში, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გახსნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ისაუბრა სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე: „ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და, ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“.

სამმხრივი შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამმადოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის და დელეგაციების წევრების მონაწილეობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის.

"საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.

შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რა დროსაც მოხდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრის ინიცირება", - წერია საგარეო უწყების პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები