საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. თეთრ სახლში გამართული შეხვედრიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. სომხეთს უკვე აქვს მსგავსი შეთანხმება ამერიკასთან.




























