მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-მა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა - რეგიონის მიმოხილვა

აზერბაიჯანი ბაქო

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2025 წლის აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევი 3.4%-დან 2.4%-მდე შეამცირა - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია საუბარი.

სომხეთთან მიმართებით კი ADB აღნიშნავს, რომ პროგნოზი უცვლელია და 5%-ს შეადგენს. საქართველოს პროგნოზი კი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა.

ADB-ის განმარტებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობისა და გაზის სექტორის სუსტი მაჩვენებლების გამო გასულ წელთან შედარებით უფრო დაბალი ტემპით იზრდება, რაც გადახედვის მიზეზი გახდა. ამის მიუხედავად, ADB მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის სუვერენულმა საინვესტიციო ფონდმა და ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ზრდა შეძლეს.

"აზერბაიჯანის ეკონომიკა 2025 წლის დასაწყისში შენელდა ნავთობისა და გაზის შემცირებული შემოსავლების გამო. ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 4.3%-დან 2025-ში 1.5%-მდე დაეცა. ნავთობის შემოსავალი 5.3%-ით შემცირდა, გაზის – 0.4%-ით, რის გამოც ინდუსტრია 0.5%-ით შემცირდა, თუმცა მშენებლობა 8.5%-ით გაიზარდა საჯარო ინვესტიციების წყალობით. მომსახურებების სექტორის ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და 3.1%-ს შეადგინა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობა 1.4%-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის სუსტი ზრდა 2026 წლამდე გაგრძელდება, რის გამოც პროგნოზები შემცირდა.

ფასების ზეწოლის შესუსტების ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ივლისში პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-დან 7.00%-მდე შეამცირა — პირველად 2024 წლის მაისის შემდეგ. 2025–2026 წლების ინფლაციის პროგნოზი უცვლელია.

2025 წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო შემოსავლებმა მშპ-ის 31.9% შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო საგადასახადო შემოსავლებისა და სუვერენული ფონდის ტრანსფერების ზრდამ. ხარჯებიც გაიზარდა, განსაკუთრებით კაპიტალურ ინვესტიციებსა და მიმდინარე ხარჯებში. ბიუჯეტის პროფიციტი მშპ-ს 4.4%-ს გაუტოლდა.

2025 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია (მშპ-ს 6.5%). საგარეო ვაჭრობამ 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტის ზრდა 11.8% იყო, იმპორტის კი 24.1%.

2025 წლის პირველ ნახევარში სუვერენული საინვესტიციო ფონდის სავალუტო რეზერვები 6.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 77.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც აზერბაიჯანის მშპ-ის 105%-ია. ცენტრალური ბანკის რეზერვები კი 11.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის აზიის განვითარების ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში გაზარდა, სხვა ქვეყნებთან მიმართებით, კი რიგ შემთხვევაში შემცირებული, რიგ შემთხვევაში კი უცვლელია.

ქვეყნების ჭრილში ეკონომიკური ზრდის ADB-ის განახლებული პროგნოზი ასეთია:

  • საქართველო - 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 1 პ.პ.-ით გაზრდილია;
  • სომხეთი - 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი უცვლელია;
  • აზერბაიჯანი - 2.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 1 პ.პ.-ით შემცირებულია;
  • ყაზახეთი - 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.4 პ.პ.-ით გაზრდილია;
  • უზბეკეთი - 6.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი უცვლელია;
  • თურქმენეთი - 6.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.2 პ.პ-ით შემცირებულია;
  • ყირგიზეთი - 8.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.2 პ.პ-ით შემცირებულია;
  • ტაჯიკეთი - 7.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი უცვლელია;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები