მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა ცოცხალი ცხოველის გაყვანაზე ახალი რეგულაცია დაგვიწესა, რაც საქართველოდან ექსპორტს შეამცირებს - ექსპორტიორი

ცხვარი

ცოცხალი პირუტყვის ექსპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე რეგულაციების ხშირი ცვლილებაა.

როგორც კომპანია ,,ვა-თოში” BMG‑ის განუცხადეს, აზერბაიჯანულმა მხარემ, რომელიც საქართველოსთვის ცოცხალი ცხოველების ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, რამდენიმე დღის წინ რეგულაციები შეცვალა.

კერძოდ, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ახალი შეზღუდვის თანახმად, ცხვრის და მსხვილფეხა ცხოველის გადაყვანაზე რეგულაცია მკაცრდება და მცირდება სულადობა, რომლის გადაყვანაც ერთი მანქანით ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ხოსიტაშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საქართველოდან ცოცხალი ცხოველის ექსპორტს შეამცირებს.

“ჩვენი საქმიანობა ცოცხალი ცხოველების საბითუმო ვაჭრობა და ექსპორტია. პირუტყვი ძირითადად გაგვყავს აზერბაიჯანში, ერაყში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გამოწვევებს რაც შეეხება, ქვეყნები აწესებენ ხოლმე რაღაც რეგულაციებს და შემდეგ იმაზე მოგება გვჭირდება ხოლმე. აზერბაიჯანმა ახლა რეგულაციები დაგვიწესა, რაც საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის გასვლას შეაფერხებს. ადრე თუ მიდიოდა ერთ მანქანაში 450 სული ცხვარი, ახლა დაგვიწესეს რეგულაცია, რომ ერთ მანქანაში 150 სული ცხვარი უნდა იყოს. მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აქამდე 100 სული იყო ერთ მანქანაში, ახლა 60 სულზე დაიყვანეს ეს რაოდენობა.

ეს თვითღირებულებას აძვირებს, რადგან ტრანსპორტირება ძვირდება და აუცილებლად შეამცირებს საქართველოდან ცოცხალი ცხოველის გაყვანას. რა რაოდენობაც გადიოდა, შესაძლოა, 20%-იც ვეღარ გავიდეს. საქართველოდან დაახლოებით 150 000 სული ცხვარი გადის აზერბაიჯანში სეზონზე და თუ ასე დარჩა ეს რეგულაცია, შეიძლება 20 000-იც ვერ გავიდეს.

მიზეზი, რატომ მიიღო აზერბაიჯანმა ეს რეგულაცია, არ ვიცით, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, კარგი იქნება. მაგალითად, სურსათის სააგენტოს რომ ჰქონდეს კომუნიკაცია იქაურ კოლეგებთან და გადაგვიწყვიტონ ეს პრობლემა. ეს დარგისთვის ძალიან დიდი პრობლემაა”, - განაცხადა ვახტანგ ხოსიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები