აზერბაიჯანში განჯა-გაზახი-საქართველოს საზღვრის გზაზე ბაქო-ალიატ-გაზახის სახელმწიფო მნიშვნელობის 130-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის გაფართოების პროექტი დასასრულს უახლოვდება. ეს გზა დიდი აბრეშუმის გზის ნაწილია. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საერთო სიგანე 27,5 მეტრს შეადგენს. გზა 4-6 სავალი ნაწილისგან შედგება, თითოეულის სიგანე კი 3.75 მეტრი იქნება.
„განჯა-გაზახ-საქართველოს საზღვარზე მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 3 ლოტად ხორციელდება. პირველი და მეორე ლოტით და ასევე მესამე მონაკვეთის ნაწილზე განსახორციელებელი სამუშაოები უკვე შესრულებულია. გასული წლის 7 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განჯა-გაზახბეილის 102-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.
აღნიშნულ მონაკვეთის მშენებლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2019-2023 წლების რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და აშენდა 67 მიწისქვეშა გადასასვლელი, 19 კვანძი და 17 ხიდი.
აღნიშნულ ეტაპზე სამუშაოები გაზახბეილი-საქართველოს საზღვრის გზის 28-ე კილომეტრზე მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე შენდება 4 საგზაო კვანძი და ესტაკადა, 2 სამდინარო ხიდი, 14 მიწისქვეშა გადასასვლელი, 13 მართკუთხა წყლის გადასასვლელი, 68 რგოლის სადრენაჟო მილი. პროექტის მიხედვით 28 ლოკაციაზე განთავსდება ავტობუსის გაჩერება. ამ მონაკვეთზე საერთო სამუშაოების 90%-ია შემუშავებული.
აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბაქო-გაზახ-საქართველოს საზღვრის საავტომობილო გზა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანზე გადის და ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დაკავშირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „დიდი აბრეშუმის გზის“ ნაწილის აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ეს გზა ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო და შიდა საავტომობილო გადაზიდვებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართვლო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მოწყობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობას ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების, გზის საფუძვლის და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 4-ზოლიანი ცემენტბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4-ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.