აზერბაიჯანში ოფიციალურად გაიხსნა ხიზი–აბშერონის ქარის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 240 მგვტ-ს შეადგენს. პროექტი საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-მა განახორციელა და ის ქვეყნის განახლებადი ენერგიის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს ინიციატივად ითვლება.
ქარის ელექტროსადგური განთავსებულია აბშერონის რაიონში 14.2 ჰექტარზე და ხიზის რაიონში 22.6 ჰექტარზე. საერთო ჯამში, პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 37 ჰექტარი მიწის ფართობი. სადგური მოიცავს 37 ქარის ტურბინას, თითოეულის სიმძლავრე 6.5 მგვტ-ია.
პროექტში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 340 მილიონ დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ სადგური წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას ყოველწლიურად დაზოგოს 220 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი.
ACWA Power-სა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს შორის აღმასრულებელი შეთანხმება 2020 წლის იანვარში გაფორმდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მხარეებმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო, ელექტროენერგიის შესყიდვისა და ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებს. სადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი ოფიციალური გახსნა დღეს შედგა.
გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ACWA Power-ის მიერ ქვეყანაში აშენებული პირველი განახლებადი ენერგიის ობიექტი, თუმცა არა ბოლო. მისი თქმით, მთავრობა სრულად უჭერს მხარს კომპანიის სამომავლო გეგმებს.
ACWA Power აზერბაიჯანში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მათ შორისაა 200 მგვტ სიმძლავრის ბატარეის ენერგიის დაგროვების სისტემის (BESS) პროექტი, ასევე კასპიის ზღვაზე ზღვის წყლის გამტკნარების ქარხნის მშენებლობა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის განახლებადი ენერგიის ტექნიკური პოტენციალი ხმელეთზე 135 გიგავატს, ხოლო კასპიის ზღვაში 157 გიგავატს აღწევს. მიზანია, რომ ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი წყაროების წილი 2027 წლისთვის 25%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 30%-მდე გაიზარდოს.
ქარის მსხვილი ელექტროსადგური ამჟამად შენდება საქართველოშიც. 2025 წელს, შიდა ქართლში კომპანია კომპანია "ფერის" ჯგუფში შემავალმა "ვინდ ფაუერმა" $230 მილიონიანი ინვესტიციით ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის კრედიტით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქარის ტურბინა უკვე დამონტაჟდა. ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება. პროექტის ფარგლებში სოფელ რუისის მიმდებარედ სულ 33 ტურბინა განთავსდება.




























