მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმება გაზის ტარიფების სტაბილურობის გარანტიაა - გია არაბიძე

გია არაბიძე

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ე.წ. დამატებითი გაზის მოწოდებაზე აზერბაიჯანთან გაფორმებულ ახალ შეთანხმებას ქვეყნისთვის სტრატეგიულად მომგებიანს უწოდებს. მისი თქმით, 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოსთვის მთლიანი წლიური მოხმარების თითქმის მეხუთედია. ამ მოცულობის გარშემო არსებული გაურკვევლობა კი, ენერგოსისტემისთვის გარკვეულ რისკებს ქმნიდა.

„500 მილიონი დამატებითი გაზის რაოდენობის ბედი გადაწყდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ თითქოს ჰაერში იყო ჩამოკიდებული ეს საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვარდა“ - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს გაზის ფიზიკურად მოპოვება, რადგან ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა, მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო ფასი, რომელიც სოციალურ ტარიფს დააწვებოდა ტვირთად.

"კომერციული გაზის პრობლემა საქართველოში არ არის. რუსეთიდან მომავალ მილსადენს შეუძლია 10-12 მილიარდი კუბური მეტრის გატარება, თუმცა, მხოლოდ 2.5-3 მილიარდს ატარებს. ანუ, ეს მილი დიდწილად ცარიელია. გაზის შოვნა არ არის პრობლემა არც რუსეთიდან და არც აზერბაიჯანიდან. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ის 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოგვეტანა კომერციულ ფასზე დაბალ ფასად.

ეს აბსოლუტურად უზრუნველყოფს ჩვენი გაზის სისტემის საიმედოობას და ტარიფებს. გაზის ტარიფი ნიშნავს იმას, რომ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე უკვე შეიძლება სტაბილურად ვიფიქროთ. შესაბამისად, ჩვენს სამომხმარებლო ტარიფს აქვს მყარი საფუძველი, რომ უფრო დადებითი იყოს," - განმარტავს არაბიძე.

არაბიძის თქმით, ეს შეღავათიანი მოცულობა ე.წ. 5%-იან სოციალურ გაზს შეუერთდება, რაც საბოლოო ჯამში "სოციალური ფასის" შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

კითხვაზე, თუ რატომ აგრძელებს საქართველო რუსული გაზის გარკვეული მოცულობების მიღებას აზერბაიჯანული რესურსის ფონზე, ენერგეტიკოსი ტექნიკურ მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია სისტემის დაბალანსებისა და პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

"პიკში ჩვენ გვჭირდება აუცილებლად სამხრეთ კავკასიური გაზსადენი და აუცილებლად გვჭირდება რუსეთის მილსადენიც. გარდა ამისა, პრობლემები გვაქვს დასავლეთ საქართველოში წნევის კუთხით. ხშირ შემთხვევაში გვჭირდება რუსეთიდან დამატება, რომ წნევა დარეგულირდეს. წლის განმავლობაში 500-600 მილიონის რუსეთიდან შემოტანა, როცა 3 მილიარდს მოვიხმართ, პრობლემა არ არის - სისტემა მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებულია," - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.

სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს იღებს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსთვის "იდეალური პირობებით" განახლდა. ხელშეკრულების პირობები უცნობია, თუმცა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონტრაქტი საშუალებას იძლევა მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი შენარჩუნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები