სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ორ ქვეყანას ეკონომიკური კუთხით და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს.
„სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.