მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

ალიევი ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც ადგილობრივი მედია News.AZ იტყობინება, მხარეებს შორის დისკუსია შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს, რეგიონულ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს.

მედიის ცნობით, ალიევმა შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აგვისტოში ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონული მშვიდობის გაუმჯობესებაში. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა "ტრამპის მარშრუტის" მნიშვნელობას როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ასევე - რეგიონისთვის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვალტონენმა პრეზიდენტ ალიევს მიულოცა ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული პროგრესი და აღნიშნა მისი მნიშვნელობა ეუთოს არეალში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამასთან, თავმჯდომარის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოთხოვნით, ეუთოს მინსკის პროცესი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ოფიციალურად შეწყდება 2025 წლის 1 დეკემბრიდან.

მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა და გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან დღეს ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა ელინა ვალტონენმა, რომელიც საქართველოს ეუთოს ხელმძღვანელის რანგში სტუმრობდა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში ველტონენმა შეხვედრები გამართა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე "ოცნების" მთავრობის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვალტონენმა ეუთოს მიერ დაფიქსირებულ მთავარ შეშფოთებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „დამოუკიდებელ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე წნეხზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია“. ვალტონენის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის, არამედ დემოკრატიული მედეგობის მნიშვნელოვანი წყაროა.

რა თქვა და რა გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ, რომელთანაც ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გააუქმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები