მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანთან ყველაზე მეტი მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

"ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.

სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილმა ბაქოში, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილის თქმით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის - ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.

"აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა - ეს ეხება არამხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით კი აზერბაიჯანი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედის, ჩვენ არაერთი მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. დღეს კი ეკონომიკური სხდომის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებსა და იმ შედეგებზე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გვქონდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით საქართველოს და აზერბაიჯანს დადებითი დინამიკა აქვთ. მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მნიშვნელოვან საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც ზრდის და ოპტიმიზაციის კუთხით დიდი პერსპექტივა აქვთ. მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების მიმართულებით.

„ჩვენ ერთობლივად ვმონაწილეობთ განახლებადი ენერგეტიკული ე.წ. მწვანე სამხრეთ კავკასიური დერეფნის მშენებლობაში - ეს ახალი სტრატეგიული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მიმართულებაა, სადაც ასევე გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი და ზრდა, ამ საკითხზეც დეტალურად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც და საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც დიდი პოტენციალი აქვს, რომ გადაიქცეს რეალურ ციფრულ ჰაბად და ეს დაეხმაროს არამხოლოდ ეკონომიკის ამ კონკრეტული მიმართულების განვითარებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ციფრულ ტრანსფორმაციას, განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდასაც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობათაშორისი კომისიის წევრებმა იმსჯელეს - ინვესტიციებია. დავითაშვილი ინფორმაციით, პირდაპირი ინვესტიციების კუთხით აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 3 მლრდ აშშ დოლარია ჩადებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„ინვესტიციები დივერსიფიცირებულია სხვადასხვა სფეროში. კომისიის ფარგლებში ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეხეთ კონკრეტულ პროექტებს, სადაც გვაქვს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, შეიძლება ერთობლივი საწარმოების გაკეთება და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები