მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული გაზი 10 ევროპულ ქვეყანას მიეწოდება, ამას საქართველოს ვუმადლით - აზერბაიჯანის პრემიერი

ალი ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს ევროპის 10-მდე ქვეყანას აწვდიან. საუბარია საქართველოზე გამავალ სამხრეთ კავკასიურ გაზსადენზე, რომლის ნაწილია TAP-ი და რომელიც სამხრეთ ევროპის ქვეყნებს აზერბაიჯანული გაზით ამარაგებს.

"ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს. აზერბაიჯანის ინიციატივა და საქართველოს პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით. ბევრ ქვეყანას მიეწოდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, მათ შორის 10 ევროპული სახელმწიფოა. ჩვენ ამ წარმატებას საქართველოს ვუმადლით", - განაცხადა ასადოვმა.

ამასთან, როგორც ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერ პარტნიორებად გვევლინებიან განახლებადი ენერგოწყაროების უზრუნველყოფის მიმართულებით კასპიური და შავი ზღვის ენერგომატარებელების ტრანსპორტის კონტექსტში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის საერთო ხედვისა და ერთგულების მაგალითი.

„მრავალმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს რეგიონალურ სტაბილურობას, ურთიერთნდობასა და გრძელვადიან პარტნიორობას. მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივები განხორციელდება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტრანზიტის მიმართულებით. ამის შედეგად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომდევნო წლებში გაზრდის და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს გეოპოლიტიკურ სტაბილურობასა და მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, ვაშენოთ ღია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მექანიზმები“, - განაცხადა აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები