საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში დაკონკრეტებული არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები.
ალი ასადოვმა ასევე თქვა, რომ ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
"ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ასადოვმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სავაჭრო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ წელს 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 40%-იან ზრდას აჩვენებს.
"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრულ როლს თამაშობს“, - განაცხადა ასადოვმა.
























