საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულ სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოსგან მიმართვა მიიღო.
როგორც BM.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკითხზე უწყებებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა.
„5 აგვისტოს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანული სატვირთო ავტომანქანების საქართველოში შემოსვლის/გადაადგილებისას წარმოქმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს შესაბამის უწყებებს, რომლებიც გამოვლენილ დარღვევებზე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.
შეგახსენებთ, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟო პუნქტებზე აზერბაიჯანელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების შეფერხების შესახებ ცნობებიც ვრცელდება. აზერბაიჯანული გამოცემა Report წერს, რომ ტრანზიტით მოძრავი მძღოლების ნაწილი „სარფის“ და „წითელი ხიდის“ საბაჟო პუნქტებზე, ასევე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უკვე რამდენიმე კვირაა საბაჟო გაფორმებას ელოდება. მათი თქმით, ოფიციალურ განმარტებებს შეფერხების მიზეზებზე ვერ იღებენ. გამოცემის ინფორმაციით, საკითხით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოც დაინტერესდა და განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. საელჩოს ცნობით, საკითხი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შესწავლის პროცესშია.




























