მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის და რა ქონებას ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის ახალი სპეცწარმომადგენელი?

გიორგი ზურაბაშვილი

ირაკლი კობახიძემ დღეს, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლად დანიშნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობას რუსეთთან ურთიერთობისას სახელმწიფო ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ამასთან კობახიძემ ისიც თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მარეგულირებლის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტზე დაწესებულ ბოლოდროინდელ შეზღუდვებს არ უკავშირდება.

გიორგი ზურაბაშვილს სახელმწიფო სამსახურში 1992 წლიდანაა. დიპლომატიურ საქმიანობას კი 2013 წლიდან ეწევა. 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

უფრო კონკრეტულად კი გიორგი ზურაბაშვილი 2014 წლიდან ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა, 2019 წლიდან ის ამავე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად დაინიშნა და პოზიციას 2024 წლამდე იკავებდა. ამ პერიოდიდან ის დიპლომატიური უწყების ევროპის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამავე წლის 3 დეკემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2025 წლის პირველი ივლისიდან გიორგი ზურაბაშვილი დააწინაურეს და მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ დანიშნეს.

1989 წელს გიორგი ზურაბაშვილმა დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ინგლისური და ესპანური ენები.

არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს ენათმეცნიერებაში.

თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისში განაახლა, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ზურაბაშვილმა 2025 წელს, თბილისში შალვა რადიოანის ქუჩაზე 187 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი ჩუქებით მიიღო. დიპლომატი განმარტავს, რომ სახლის საერთო ფართის მეორე სართული არის 150.88 კვ, 2/3 არის მის საკუთრებაში. ნაწილს მემკვიდრეობის საფუძველზე ფლობდა, ხოლო ნაწილი დისგან 2025 წელს საჩუქრად გადაეცა. დღეს ამ ქონების თანამფლობელები ზურაბ ზურაბაშვილი და მარიამ ზურაბაშვილი არიან. ის მარიამ ზურაბაშვილთან ერთად ფლობს რადიანის ქუჩაზე, 2023 წელს 35 000 დოლარად შეძენილ 9 196 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს, რომელზეც ავტოფარეხია განთავსებული.

სხვა ქონებას თავის ან ცოლის ირინა ბოჭორიშვილის სახელზე, დიპლომატი არ უთითებს.

გიორგი ზურაბაშვილმა 2025 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თავდაპირველად მინისტრის, შემდეგ კი პირველი მოადგილის პოზიციაზე 114 273 ლარის ხელფასი მიიღო. მისი ცოლი ირინა ბოჭორიშვილი კომპანია „სითიპლექსში“ მენეჯერად მუშაობდა, რისთვისაც სახელფასო ანაზღაურების სახით 260 000 ლარი მიიღო.

ირინა ბოჭორიშვილი ფლობს 30%-იან წილს „იბერია თრეველში“ და 20%-იან წილს „ჯეოკო ინტერნაციონალში“ - დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს კომპანიები არ ფუნქციონირებენ.

დოკუმენტის შევსების დროისთვის მისი ცოლის „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10 469 ევრო, 3 000 დოლარი და 2000 ლარი ჰქონდა. გიორგი ზურაბაშვილს კი 4 048 ლარი, 3 552 დოლარი და საკრედიტო ანგარიშზე 7 720 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები