მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება

დიპლომატთა საზოგადოება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა და მისი მანდატის გაფართოება სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია - ამის შესახებ "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების" განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედი დიპლომატისთვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან. გარდა ამისა, დიპლომატთა საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ მანდატში "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების" დამატება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხის ქვეშ აყენებს.

bm.ge "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.

აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება", რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ მონაწილეობს.

მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას".

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები