მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის ქვეყნები მოცვის დაფასოებულ, პრემიუმ პროდუქციას ითხოვენ, რისი რესურსიც საქართველოში მცირეა - ასოციაცია

მოცვი

აზიის ქვეყნები ითხოვენ მოცვის დაფასოებულ და დახარისხებულ პრემიუმ პროდუქციას, რისი რესურსიც საქართველოში ჯერჯერობით მცირეა - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი თორნიკე ფანჯავიძე საუბრობს.

მისი თქმით, აზიის ბაზარს ბევრად მოცვზე ბევრად მაღალი მოთხოვნა აქვს, ფასიც - უფრო მისაღები, თუმცა, როგორც ფანჯავიძე ამბობს, მიწოდების შესაძლებლობა საქართველოდან შეზღუდულია, რადგან პირდაპირ ბაღში მოკრეფილი მოცვის ექსპორტი აზიაში შეუძლებელია.

„ბაღში მოკრეფილი მოცვის გაგზავნა თითქმის შეუძლებელია. თუ ეს მოცვი არ დაფასოვდა, დახარისხდა, სპეციალურ შესაფუთ მასალაში შეიფუთა, კონკრეტული საბაჟო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და თერმოჩანთებით არ გაიგზავნა.

ეს ექსპორტის სულ სხვა პროცედურაა, რომელიც, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ბაზრებზე მოცვის გატანა. საჰაერო გადაზიდვას თავისი დამატებითი დეტალები აქვს და ასევე, პროდუქციის მომზადებაც ბევრად უფრო რთულია“ - ამბობს თორნიკე ფანჯავიძე BMG-სთან.

მისივე თქმით, სექტორისთვის პრობლემურია სამაცივრე ინფრასტრუქტურაც, რაც დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს და წლის განმავლობაში მხოლოდ 2 თვეა აქტიური. ეს კი, ინვესტორებისთვის დამატებითი ბარიერია.

„სამაცივრე ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს მოცვის კულტურის შემთხვევაში და ასევე, თითქმის 10 თვის განმავლობაში გამოუყენებელ აქტივად რჩება. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბევრი თავს იკავებს დიდი მაცივრის აშენებისგან, ეს არის. პირობითად, წლევანდელი სეზონი რომ ყოფილიყო უფრო სეზონურად გაშლილი და დაგვეწყო მოცვის კრეფა 25 მაისს და დაგვემთავრებინა 15 ივლისს, სამაცივრე ინფრასტრუქტურაზეც ნაკლები დაწოლა ექნებოდა ზოგადად ინდუსტრიას“ - განმარტავს თორნიკე ფანჯავიძე.

ასოციაციის თავმჯდომარე დარგის განვითარებისთვის აუცილებლად პირობად მიიჩნევს: ბაღების მოდერნიზაციას და ძველი ჯიშების ჩანაცვლებას ახალი, პრემიუმ ხარისხის ჯიშებით; ასევე, ბაზრების დივერსიფიცირებას - დახარისხებისა და დაფასოების ხაზების განვითარებას ევროპისა და აზიის პრემიუმ სეგმენტზე გასასვლელად.

„მოცვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროდუქტია, რადგან მისი ფასი კვირების მიხედვით იცვლება. ინდუსტრია ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა მოგებიანობის შესანარჩუნებლად, მეტი ტექნოლოგიური ჩართულობაა საჭირო,“ - აცხადებს თორნიკე ფანჯავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები