ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ნიპა ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რომ აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის (Nipah virus, NiV) გამო მგზავრების სკრინინგის დაწყებამ მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია.
მისი თქმით, ნიპა ვირუსზე აქტიური საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთში ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოებაში კვლავ ბევრი კითხვა არსებობს.
„დღეს, აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო...პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში დაფიქსირდა და გავრცელდა სინგაპურშიც“, – წერს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტის ინფორმაციით, მაშინ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მილიონობით ღორი გაანადგურეს.
„ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია“, – აღნიშნავს იგი.
მაია ბუწაშვილი იხსენებს ინდოეთში დაფიქსირებულ წინა აფეთქებასაც: „ინდოეთში ბოლო აფეთქება 2018 წელს იყო, როდესაც 19 შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა“.
ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრისას ინფექციონისტი წერს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შემთხვევაა გამოვლენილი: „ასობით კონტაქტი კარანტინშია მოთავსებული, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებითი ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განმარტავს იგი.
მისივე განმარტებით, ნიპა ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელისა და კუნთების ტკივილი, ხოლო დაავადება შესაძლოა პნევმონიით ან ენცეფალიტით გართულდეს.
„ლეტალობის მაჩვენებელი 40-75%-ს შეადგენს, ინკუბაციური პერიოდი კი 4-დან 14 დღემდეა. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს“, – წერს ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების სიაშია შეყვანილი, რომელთაც ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვთ.
„ამ ინფექციებს ახასიათებთ მაღალი სიკვდილიანობა და შეზღუდული სამკურნალო თუ პრევენციული საშუალებები“, – აღნიშნავს იგი.
მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმოს პრიორიტეტულ სიაში შედის: COVID-19, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ებოლა, მარბურგის ვირუსი, ლასას ცხელება, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS), მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ნიპა ვირუსული დაავადება, რიფტის ველის ცხელება და ზიკას ვირუსი.



























