საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები, სერვისს, სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
"პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნავენ უწყებაში.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს, რომლებიც 15-მდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.





























