"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, ქვეყანაში იძულებით დაბრუნებული გიორგი ბაჩიაშვილი წამების საფრთხის ქვეშ დგას.
"ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ყველა უკანონო ქმედებებისთვის".
მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი გმობს საქართველოს მიერ შიდა და საერთაშორისო სამართლის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომლის მიზანიც მისი კლიენტის დასჯაა სიმართლის თქმის გამო.
Amsterdam & Partners-ის განცხადებით, ბაჩიაშვილი პოლიტიკური დევნის სამიზნე იყო, რომელსაც ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. "თანაინვესტირების ფონდის"
ყოფილი ხელმძღანელის მიმართ წაყენებული ბრალდებები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში ქმნის დაუყოვნებელ საფრთხეს რომ მის მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის მიდგომები და ეს საფრთხე რეალურია", - წერია Amsterdam & Partners-ის განცხადებაში.
ბაჩიაშვილის ადვოკატების განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება პასუხს აგებინებს საქართველოს ბაჩიაშვილის უფლებების დარღვევაზე. საქართველოს ევალება უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ბაჩიაშვილისა და სხვა პოლიტიკური მოტივით სამართლებრივად დევნილი პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
დღეს, 27 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
ბაჩიაშვილს, რომელსაც ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, საქართველო მარტში ფარულად დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად „კრიპტოვალუტების საქმეზე“ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.




























