გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის საქმეში მძიმე საერთაშორისო დანაშაულის ნიშნები იკვეთება და გამოძიებას ითხოვს. როგორც მახარაშვილი აცხადებს, ბაჩიაშვილის მიერ სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია იძულებით გადმოყვანის შესახებ სერიოზულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კითხვებს აჩენს.
"გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს"
ლევან მახარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ დღეს, 29 მაისს სასამართლო დარბაზში გაკეთებული განცხადება მრავალ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"გიორგიმ გააკეთა დღეს იმგვარი განცხადება, რაც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, არაერთი დანაშაულის. შესაბამისად, მან თავად მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ის თავად არის ვალდებული, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება, ანუ ფაქტის გადამოწმება. ამას გარდა, ცხადია, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა." - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.




























