მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს" - გიორგი ბაჩიაშვილი

სასამართლო

"შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს" - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესზე განაცხადა.

„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.

მე კიდევ ერთ, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, საერთაშორისო დანაშაულის შესახებ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში, ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობად პოზიციონირებს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.

"მტკვარი ჰესის" საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები