თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის,გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე შესაბამისი უწყებებისგან რაიმე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც ადვოკატმა bm.ge-ს უთხრა, ბაჩიაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება და მას კვლავ უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.
"სამკურნალო დაწესებულებაშია, პალატაში იმყოფება და ისევ ისეა, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ასე ვთქვათ, აქვს ტვინის შერყევის თანმდევი სიმპტომები.
[ცემის ფაქტზე] ჩვენ მივმართეთ როგორც გენერალურ პროკურატურას, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც. ასევე, მიმართა სახალხო დამცველის აპარატმაც, თუმცა ამ მომენტამდე რაიმე პასუხი არ მიგვიღია.
[როდის გადაიყვანენ საპატიმროში] არ ვიცით, გუშინ შეამოწმა ექიმმა და როგორც გვითხრეს, სიტყვიერად, 10 დღიდან ორ კვირამდე დასჭირდება სულ მცირე საავადმყოფოში ყოფნა, სადაც არის ამჟამად",- ამბობს ადვოკატი.
14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ბაჩიაშვილის თანახმად, თავდასხმამდე 3 დღით ადრე 8 ივლისს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ის ცალკე დაიბარა და „მეგობრულად ურჩია“, ბიძინა ივანიშვილს მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ბირჟების ბრუნვები და სხვა ფინანსური მონაცემები მიეწოდებინა.
მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელდა ფაქტი კი 2 მსჯავრდებულს შორის დაპირისპირებაა.



























