ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ საპატიმროში მომხდარი ძალადობა წამებას უტოლდება. ორგანიზაცია სახალხო დამცველს მოუწოდებს, ბაჩიაშვილი რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
"საია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი სპეციალური პენიტენციური სამსახურია, ხოლო, მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ დაწყებული/წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც, ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები. ამასთან, პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის პრაქტიკა.
საყურადღებოა, რომ დროში ემთხვევა ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა, და ამასთან, მის საქმეზე ახლო პერიოდში სხდომების გადადება / არ ჩატარება", - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახალხო დამცველს მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში განახორციელოს რეგულარული ვიზიტები. ამას გარდა, საია ასევე მიმართავს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაავალოს პროკურატურას.
გუშინ, 14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.




























