მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამკაცრებული კანონი ფინანსურ დანაშაულზე - ვის შეეხება ახალი სანქციები?

ბაჩიაშვილი

ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებული პირებისათვის ქვეყნის დატოვება აიკრძალება. შეზღუდვა ძალაში იქამდე იქნება, ვიდრე დამნაშავედ ცნობილი მოქალაქე თანხას სრულად არ გადაიხდის ან დაზარალებულისგან შესაბამის ნებართვას არ მიიღებს. ერთხელ უკვე შეცვლილი კანონი სექტემბერში "ქართულმა ოცნებამ" კიდევ გაამკაცრა.

ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტიდან, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მიიღო, სასჯელის მოხდის შემდეგ 16 წლიანი შეზღუდვა ქვეყნის დატოვებაზე გაუქმდა. ამას გარდა, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერით.

მიზეზების განმარტებისას, კანონპროექტის თანაავტორი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადები რელევანტური არ იყო.

“თუკი აქამდე ბლანკეტურად შემოთავაზებული იყო 16 წლიანი ვადა როგორც ერთგვარი ჭერი, ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ იქნება რაღაც ვადით ზღვარდადებული, არამედ ეს დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ იმაზე თუ შესაბამისი პირი მოახდენს დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას, რაც იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით დადასტურებული ან თავად დაზარალებული იტყვის უარს მოხდეს მოხდეს მისთვის კომპენსაციის გადახდა", - აცხადებს ჭეიშვილი.

კანონის დახვეწა “ქართულმა ოცნებამ” მისი მიღებიდან ერთ თვეში გადაწყვიტა. სექტემბერში მიღებული კანონით, თუ მსჯავდებული ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ქონა ეკრძალება. 2024 წლის მდგომარეობით საარსებო მინიმუმი თვეში მხოლოდ 260 ლარია.

ფინანსურ დანაშაულზე კანონები რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის და ახლა უკვე პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის “ინსპირაციით“ გამკაცრდა, ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრებს არც დაუმალავთ. „კრიპტოვალუტის საქმეზე“, სადაც თავად ივანიშვილია დაზარალებული, ბაჩიაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი და მისგან ივანიშვილი 9000 ბიტკოინის გადახდას ითხოვს, რაც დღეის მდგომარეობით თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ე.წ ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები არაადამიანურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

“ამ ცვლილებებს არავითარი კონსტიტუციური ახსნა არ გააჩნია, იმიტომ, რომ პირდაპირ პირის მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის დამკანონებელი ნორმებია. ცვლილებები, ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მძიმე ფინანსურ დანაშაულში არის მსჯავრდებული, ფაქტობრივად ვერ მიიღებს ორმაგ საარსებო მინიმუმზე მეტ შემოსავალს, ანუ მას 500 ლარს ზემოთ არსებობის შესაძლებლობა ერთმევა. ქართულ რეალობაში 500 ლარით არსებობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ანუ ვიღებთ მდგომარეობას, რომ ადამიანს ქვეყნის დატოვებაც და ქვეყნის შიგნით არსებობაც ეკრძალება. მასშტაბი არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, ვისთან მიმართებითაც ბიძინა ივანიშვილს ან "ქართულ ოცნებას" გარკვეული ფინანსური მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ. მასშტაბი გაცილებით დიდია და ნებისმიერ ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს შეეხება.", - აცხადებს სიმონიშვილი.

და მაინც რას თვლის “ოცნება” ფინანსურ დანაშაულად?

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის დატოვების აკრძალვა შემდეგ დანაშაულებზე ვრცელდება: თაღლითობა; დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა; სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა, დიდი ოდენობით ; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს); უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; გულგრილობა.

ფინანსურ დანაშაულში მსჯავდებული პირები მხოლოდ ორ შემთხვევაში დატოვებენ ქვეყანას: თუ დაზარალებულს არ ექნება ამ აკრძალვის დაწესების სურვილი ან ზიანს აანაზღაურებს.

"მუხლობრივი ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დიდი ალბათობით ეს გავრცელდება პირთა საკმაოდ ფართო წრეზე, იმიტომ, რომ მუხლებში არის ისეთი დანაშაულები, რომლებიც სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საკმაოდ ხშირად ხდება ამგვარი დანაშაულების ჩადენა, მაგალითად, როგორიც არის თაღლითობა", - ამბობს საიას სისხლის სამართლის მიმართულების ანალიტიკოსი ფატი ჩაფიჩაძე.

“ქართულ ოცნებას” არ დაუმალავს, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში კანონის გამკაცრების მთავარი მიზეზი ბაჩიაშვილი იყო. ამიტომ საიას იურისტს ვკითხეთ რამდენად შეიძლება გავრცელდეს ეს კანონი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე.

"ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება ისეთ პროცესებს გადის, რომ ნამდვილად ვერ გეტყვით ვის შეეხება და ვის არა ეს კანონი. იმიტომ, რომ წარმოუდგენელი საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ ბოლო პერიოდში. თუმცა კანონს უკუძალა წესით ვერ ექნება და არც უნდა ჰქონდეს. ეს იქნება სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის კიდევ ერთი დარღვევა, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ აღსრულება ეს ცვლილებები დრო გვიჩვენებს".

აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე სწორედ სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რაზეც ეს კანონი ვრცელდება და ამ საქმეზე ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები