საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ანტიკორუფციული კამპანია და „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის დავით ფერაძის წინააღმდეგ სუს-ის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რეალურად, არა - კორუფციის აღმოფხვრას, არამედ მმართველ გუნდში გავლენებისა და ფინანსური ნაკადების გადანაწილებას ემსახურება.
ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, პროცესები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მიზნად ისახავს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ექსხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის შანტაჟს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას "საერთო სალაროდან ფული მოუტეხეს".
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება დამატებითი ჩვენებების მიღებას ან ლილუაშვილის ან ღარიბაშვილის, ან ორივეს მიმართ. ეს არის და ეს. ეს არის შანტაჟი... ბიძინა ივანიშვილმა რატომ გასცა ეს ნებართვა? - როგორც ლილუაშვილის, ისევე ღარიბაშვილის შემთხვევაში ჩათვალა, რომ მას საერთოდან ანუ "ობშიაკიდან" - სამწუხაროდ, ეს ტერმინი უნდა ვიხმაროთ - ფული მოუტეხეს. არანაირი საქართველოს მიმართ ზარალის მიყენებაზე საუბარი არ არის“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
მისივე შეფასებით, დავით ფერაძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არის მხოლოდ „ერთი კონკრეტული ბიჭის დაჭერა“, რაც რეალურ სისტემურ კორუფციას არ აჩერებს.
"მე არ ვიცი, კონკრეტულად, ჯართის ბიზნესი... რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა და ესეც გარკვეული ქონების გაფლანგვაა საქართველოს რკინიგზის, მაგრამ ასობით მილიონზე როცა გვაქვს ლაპარაკი და იჭერ კონკრეტულად ერთ ვიწრო თემას, ეს ნიშნავს, რომ ის ძირითადი კორუფციული სქემა ფუნქციონირებს, მუშაობს. უბრალოდ, ახალი ხელმძღვანელობაა; ახალ ხელმძღვანელობას ახალი ადრესატები ჰყავს, საიდანაც უნდა მიიტანოს წილი და ახალი ინტერესები, რომელსაც ახალი მფარველები ჰყავს“, - აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად დამაჯერებელია, რომ ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებაში კორუფცია მხოლოდ აღმასრულებელ მთავრობაში მოსვლის შემდეგ შეამჩნიეს და არა - საკანონმდებლო ორგანოში, რომლის წინაშეცაა პასუხისმგებელი აღმასრულებელი შტო, ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიკორუფციული კამპანია დამაჯერებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ქვეყანაში სრულიად განსხვავებული სტრუქტურული გარემო იარსებებდა, რაც დღეს რეალობას არ შეესაბამება.
"ძალიან დამაჯერებელი იქნებოდა [კორუფციასთან ბრძოლა], რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი ცოტა უფრო სხვანაირ სტრუქტურულ გარემოში. ვგულისხმობ იმას, რომ ანტიკორუფციული სამსახური ყოფილიყო დამოუკიდებელი სააგენტო და არ ყოფილიყო იმ სტრუქტურას დაქვემდებარებული, რომელიც წლების განმავლობაში ფარულად მფარველობდა ამ სისტემას. ანუ თავისთავად გამოდის, რომ უშიშროების ნაწილში რახან არის ანტიკორუფციული სამსახური, ნდობა მის მიმართ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გარკვეული საქმის გახსნა, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეჭვებს იწვევს და მე მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ძალიან საეჭვოა", - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.
ყოფილმა დეპუტატმა "წერტილთან" ინტერვიუში პარალელი გაავლო ქვეყანაში არსებულ სხვა დანაშაულებრივ სქემებთან, მათ შორის ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეებთან და აღნიშნა, რომ კორუფციასთან რეალური ბრძოლის ნაცვლად საზოგადოება მხოლოდ ფასადურ პოლიტიკურ სპექტაკლებს ხედავს.
"რამდენი ქოლცენტრი ნახეთ დაკეტილი?! არცერთი ქოლცენტრი არ გვინახავს... მხოლოდ ერთი ვნახეთ - ელისო კილაძის ქოლცენტრი - ისიც იყო თუ არა ქოლცენტრი, არ ვიცით. ერთი სავალუტო ჯიხურის პატრონს მიუსაჯეს 11 წელი 700 მლნ დოლარის გათეთრებისთვის. წარმოგიდგენიათ?! - 700 მილიონი ერთი მანქანა ფულია... ამიტომ ეს ყველაფერი არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის პროცესი, სადაც ცალკეულ ადამიანებს იჭერენ მარტო იმიტომ, რომ ვიღაცა უნდა შეავიწროონ და იმიტომ, რომ მერე ფულის ნაკადები გადმოიტანონ თავის კონტროლქვეშ. სულ ეს არის, მეტი არაფერი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.




























