მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ თამაშს [ოცნებას] არც ჩინელები აპატიებენ"|თინა ხიდაშელის თქმით, "ოცნებას" ანაკლიის აშენება არ უნდა

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინტერესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება არ შედის.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივა იყო.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ “ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული პროექტი არ განხორციელდეს”.

შეგახსენებთ, რომ 2 წელი გავიდა, რაც ანაკლიაზე საინვესტიციო შეთანხმება "რამდენიმე დღეში" უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ამ დრომდე სტრატეგიულ პროექტს ინვესტორი არ ჰყავს - ხელისუფლებას ჩინურ-სინგაპიურული კონსორციუმი გამარჯვებულად არ დაუსახელებია და არც ახალ საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ამერიკელი მაღალჩინოსნების ანაკლიაში ჩაიყვანა, სადაც დაათვალიერეს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

2 წელი გავიდა, რაც ანაკლიაზე საინვესტიციო შეთანხმება "რამდენიმე დღეში" უნდა გაფორმებულიყო

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საერთოდ რამე აქვთ დაგეგმილი ანაკლიის აშენებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ყოფილმა მინისტრმა გაიხსენა ორი წლის წინანდელი მოვლენებიც, როდესაც “რუსული კანონის” მიღებისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე გააკეთა განცხადება, თუმცა რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

“მოვისმინეთ ბევრი დათქმა, ვადა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის დროის გაყვანის მცდელობა და თამაში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემით. ყველაფერი, რაც დღემდე მოხდა, ადასტურებს, რომ მათ ამოცანებში არ შედის ანაკლიის პორტის აშენება და ყველაფერს ეცდებიან, რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული პროექტი, სტრატეგიული ინტერესებისთვის დამაზიანებელი პროექტი, რომელიც საქართველოს, ფაქტობრივად, ფეხზე დააყენებს, არ განხორციელდეს”, - განაცხადა მან.

თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე “მუდმივი საუბრით”, „ქართული ოცნება“ ცდილობს შეინარჩუნოს ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, ქვეყნის ევროპული მომავლისა თუ ანაკლიის პორტის აშენების.

„ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის ჯერ კიდევ არის ისეთი ნაწილი ადამიანების, რომლებსაც არ სჯერათ იმის, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ორბიტაზე მოძრაობს, რომლებსაც არ სჯერათ იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაქრობა აქვს განზრახული, რომ ანაკლიიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები უბრალოდ გაყარეს. ამ ნაწილს თვალებზე ხელი აქვთ აფარებული და რაღაც წარმოსახვით იმედებს ემყარება, რომ ეს ყველაფერი ან ევროპული ინტეგრაცია, ან ანაკლიის აშენება, ჯერ კიდევ მოხდება. ამ ამომრჩევლის დაკარგვა ივანიშვილისთვის არის ძალაუფლებასთან გამოთხოვების ტოლფასი. ამიტომ, პირველ რიგში, ეს მუდმივი საუბარი ანაკლიაზე, დროის გაწელვა, ემსახურება ამ ამომრჩევლის დაკმაყოფილებას“, - განაცხადა მან.

გარდა შიდა პოლიტიკური ფაქტორებისა, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის თემა მმართველი გუნდისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ინსტრუმენტსაც წარმოადგენს:

„მეორე ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან კარგად ხვდებიან „ქართულ ოცნებაში“, რომ ეს არის ერთადერთი რეალური ხელჩასაჭიდი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ კიდია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ამიტომ ცდილობენ, ივაჭრონ ამ თემით… [ვხედავთ], რამდენი ხანი გაწელეს ჩინეთთან ურთიერთობა - ხელშეკრულებით სავალდებულო ურთიერთობებში არ შევიდნენ. მეორე მხრივ, მოგვისმენია, შალვა პაპუაშვილისგანაც - "სად არის, არ მინახავს ამერიკელების რიგი ანაკლიაში ინვესტიციების ჩადებაზე" - ეს არის ის, რითაც ისინი ფიქრობენ, რომ ივაჭრებენ, მაგრამ ამასობაში შედიან კატასტროფაში, რადგან ზუსტად ამგვარი პოლიტიკით არა - უბრალოდ დასაცინები ხდებიან დასავლეთისთვის, არამედ ირთულებენ ურთიერთობას ჩინელებთანაც. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამ თამაშს [ქართულ ოცნებას] არც ჩინელები არ აპატიებენ“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები