მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის "არაკომფორტულია“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან თუ სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ „ფინანსური შანტაჟი“ ხორციელდება და „დე ფაქტო სანქცია“ მოქმედებს.

კობახიძემ თქვა, რომ საუბარი ეხება არა აშშ-ის მხრიდან ოფიციალურად დაწესებულ ფორმალურ სანქციებს, არამედ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

„საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ სანქციებზე, ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია. თქვენ იცით, რა ხდებოდა: 2008 წელს დაიწყო, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარულ ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან — იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, მისთვის, რა თქმა უნდა, არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სრულიად სხვა რამეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, უშუალოდ ოფიციალური სანქციების საკითხი ივანიშვილისთვის საინტერესო არ არის და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ამ თემას საერთოდ არ სწევენ, ხოლო ხელისუფლების ერთადერთ მიზანს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა წარმოადგენს.

საქმე ის არის, რომ ივანიშვილის და აშშ-ის ელჩის შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში პირველად არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის 28 მაისის განცხადებაში აშშ-ის საელჩოს ცნობას „გაუგებარს“ უწოდებდა და ადასტურებდა, რომ თქვა უარი ელჩთან შეხვედრასა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილის მიღებაზე, თუმცა სანაცვლოდ დიპლომატს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ელჩმა უარი განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები