პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრეს და ბიძინა ივანიშვილის სანქციების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
კორტნი ოსტრიანს კობახიძე გუშინ, 29 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
"ჩვენი სურვილი არის ცხადი - გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. თქვენ იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი. ეს ყველაფერი კი იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელებას წარმოადგენდა, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია სწორედ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება იყო.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და შეხვედრაზე საუბარი ზუსტად ამის გარშემო გვქონდა.
[ბიძინა ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი იყო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შემთხვევაში, ამას ყველა მიმართულებით მოჰყვება გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია გაკეთებული გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება და გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ზოგადი პასუხი იყო ის, რომ ორ ქვეყანას შორის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამ კუთხით კონკრეტულ თემებზე საუბარი არ გვქონია ეს უფრო პირველი, გაცნობითი და ზოგადი შინაარსის შეხვედრა იყო. ზოგადად ვისაუბრეთ ჩვენს სურვილზე, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ამისთვის რა თქმა უნდა, მუშაობისთვის მზად ვართ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ავრცელებს: "აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს".
























