„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებით და დაზარალებულ მხარესთან [ბიძინა ივანიშვილთან] სამოქალაქო საქმეზე მორიგებით, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო დევნა დასრულებულია. ამის შესახებ ლევან მახარაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
„ვადასტურებ, რომ გიორგი თავისუფალია. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და შესაბამისად, ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია. ამ დროისთვის გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2025 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ვერსიით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, 2015-2017 წლებში მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა არ გადასცა ინვესტორს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდეგაც აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა.
უწყებაში აცხადებდნენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილს ლეგალიზაციის მიზნით მშობლები ჩართო. კერძოდ, ა.ბ. და მ.რ. ხელს უწყობდნენ თანხების/აქტივების გადმოტანას საზღვარგარეთიდან საქართველოში, მათი აკუმულირებას ბაჩიაშვილის და კონტროლირებად ანგარიშებზე, ქონების შეძენასა და შემდგომ რეალიზაციას, რის შედეგადაც უკანონო აქტივები ფინანსურ სისტემაში ინტეგრირდებოდა. ამ პროცესში ხდებოდა აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმომავლობის, მდებარეობისა და საკუთრების უფლებების დამალვა.
გამოძიების ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა მშობლების დახმარებით 2 944 957 აშშ დოლარისა და 1 097 187 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა.
ორივე პირის მიმართ გამოძიებამ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























