2025 წლის III კვარტალში ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, თუმცა წლიურ ჭრილში მცირედით გაუარესდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი, რომელიც ასოციაციის, „პიემსი კვლევითი ცენტრისა“ და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, 2025 წლის III კვარტალის შედეგებით დადებითი დინამიკით ხასიათდება.
ინდექსი ეფუძნება BAG-ის წევრი და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს ბიზნესკლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. კვლევა ტრადიციულად „პიემსი კვლევითი ცენტრის“ მიერ ყოველკვარტალურად ქვეყნდება.
BAG ბიზნესკლიმატი
2025 წლის III კვარტალში BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი 43.2 ქულას შეადგენს. აქედან ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 30.6 ქულაა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი – 56.5 ქულა.
II კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატი 11.5 ქულით არის გაუმჯობესებული. კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 12.1 ქულით გაიზარდა, ხოლო მოლოდინების ინდექსი 10.8 ქულით გაუმჯობესდა.
თუმცა წლიურ ჭრილში (2024 წლის III კვარტალთან შედარებით) შედეგები მცირე კლებას აჩვენებს – ბიზნესკლიმატი 1.6 ქულით გაუარესდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 8.6 ქულით შემცირდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი 6.0 ქულით გაუმჯობესდა.
კვლევის ფარგლებში კომპანიებმა ასევე დააფიქსირეს მოსაზრებები გაყიდვების, ფასების, დასაქმებულთა რაოდენობისა და ანაზღაურების ცვლილებების შესახებ, აგრეთვე მიუთითეს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელშემშლელ ფაქტორებსა და საინვესტიციო გარემოზე.

კვლევაში წერია, რომ 2025 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი და კვლავ ბუმის ფაზაში იმყოფება.
BAG ინდექსის ფარგლებში კომპანიები ოთხ სექტორად იყოფიან – ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. გამოკითხვა 2025 წლის 19 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.




























