მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG
27.03.24 15:02
849

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.

მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა შემსუბუქდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 85%-მა მარეგულირებელი გარემო დაასახელა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტალის მონაცემებს.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები