“გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორი შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ BAG ინდექსის თანახმად, არსებული ვითარება სტაბილურია და ასევე, ბიზნესს დადებითი მოლოდინები აქვს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული კითხვები დაისვა ბიზნესის მხრიდან.
"იყო მიმოხილვა ასოციაციის მიერ მომზადებულ ინდექსთან დაკავშირებით, შემდგომ გახლდათ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ბიზნესის მხრიდან იყო დასმული კონკრეტული კითხვები იმ საკითხებზე, რაც სეგმენტურად აწუხებს ბიზნესს. კითხვები იყო იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეოში გადაყვანის თემასთან დაკავშირებით იმ კონტექსტში, რომ ასე ადვილად არ უნდა იყოს შესაძლებელი კონკრეტულ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემო ვითარებას და ბუნებას. პრემიერი, ბუნებრივია ძალიან სწორად, მას დაჰპირდა ვითარების გარკვევას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე დაისვა კითხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე და მსგავსი მიმართულების კითხვები იყო. მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც ასევე კითხვით მივმართე პრემიერს და ჩემი კითხვის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უაღრესად ამომწურავი პასუხი მივიღე. ჩემი კითხვა ეხებოდა ავტობანებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
მოლოდინებთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესის და ეკონომიკის კუთხით განწყობები ყველაზე კარგად ასახულია საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში. იყო პირველი, მეორე, მესამე კვარტალის საკმაოდ დეტალური მიმოხილვა და პროგნოზები მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ, დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით", - ამბობს შავლეგ მიშველაძე.

























