მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAG ინდექსი: მშენებლობის დარგში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბიზნესკლიმატი და მოლოდინები გაუარესდა

მუშები

BAG-ინდექსის თანახმად, 2025 წლის III კვარტალში, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი 20.1 ქულითაა გაუარესებული და 29.8 ქულა შეადგინა, თუმცა ოდნავ გაუმჯობესებულია მეორე კვარტალთან შედარებით - წინა კვარტალში ქულა 27.1 იყო.

BAG ბიზნესკლიმატი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის საბალანსო მნიშვნელობების ტრანსფორმირებულ საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს.

როგორც BAG-ინდექსის ანგარიშში წერია, მშენებლობის სექტორში, 2025 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია 21.8 ქულით და 40 ქულამდეა გაზრდილი, თუმცა როცა კომპანიებს ჰკითხეს, როგორი მოლოდინი აქვთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ სექტორში 16.4 ქულითაა მოლოდინები გაუარესებული და 20 ქულა შეადგინა. ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მოლოდინი სწორედ მშენებლობის სექტორში აქვთ, სხვა სექტორებთან შედარებით.

რაც შეეხება BAG-ინდექსის სხვა კომპონენტებს, III კვარტალში, მშენებლობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 27% მეოთხე კვარტალში დასაქმებულების ზრდას აპირებს, გამოკითხულთა 7% საერთოდაც შემცირებას ელოდება, ხოლო უმრავლესობა ანუ 67% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.

გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორის კომპანიებმა (33%) შეაფასეს.

გაყიდვების ფასებს რაც შეეხება, სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია სწორედ მშენებლობის სექტორში (40%) აფიქსირებს. 2025 წლის IV კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად ასევე მშენებლობის სექტორში (32%) ფიქსირდება.

რა გიშლით ხელს ბიზნესის საქმიანობაში? - ეს კითხვაც ტრადიციულად დაუსვეს გამოკითხვაში მონაწილე სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს და 2025 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი ასე გამოიყურება: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.

სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (82%) და მცირე ზომის კომპანიებში (42%). სამუშაო ძალის ნაკლებობაც ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (82%) დგას, რაც ყველა ზომის კომპანიაში თანაბრად პრობლემურია. სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები კომპანიების 55%-მა დაასახელა პრობლემად. მოთხოვნის სიმცირე კი, მშენებლობის სექტორში როგორც პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ BAG-ინდექსის ანგარიში მოიცავს ინვესტიციების შესახებ კომპანიების გამოკითხვის შედეგებსაც. სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება,

მშენებლობის სექტორში კი, გამოკითხული კომპანიების 40% წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში, 2022 წლიდან მოყოლებული განახევრებულია იმ კომპანიების წილი, ვინც ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.

ცნობისთვის: კითხვარის მეშვეობით, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები, მათ შორისაა „არსიც“, აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას, მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, და ასევე ასახელებენ ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. 2025 წლის მესამე კვარტალის გამოკითხვა 19 აგვისტო - 11 სექტემბრის პერიოდში პერიოდში ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები