BAG ინდექსის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის ყველა ზომის კომპანიას თანაბრად აწუხებს, განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორს.
გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის ლარის კურსისა და სპეციალისტების ნაკლებობის შემდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს.
BAG ინდექსში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომელიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებდა ხელის შემშლელად (25 პროცენტული პუნქტით), ხოლო შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებდა ხელის შემშლელად (15 პროცენტული პუნქტით).
გამოკითხვის ავტორები იმ ძირითად ფაქტორებს განმარტავენ, რატომაც ბიზნესებმა ეს საკითხი შემაფერხებელ ფაქტორებში დაასახელეს.
„2025 წლის I კვარტალში კომპანიათა უმეტესობამ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია.
სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად დასახელდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო ყველაზე იშვიათად - მრეწველობის სექტორში.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად თანაბრად დაფიქსირდა მომსახურების და მრეწველობის სექტორებში, ხოლო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში აღნიშნული საკითხი თანაბრად აქტუალურად დასახელდა“, - წერია დოკუმენტში, რომელიც BAG-მ დღეს გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საინვესტიციო გარემოს. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.