საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმების მქონე დარგებიდან მშენებლობის, რიტეილისა და ჰორეკას ამოღების შემდეგ, სექტორებში მუშახელის დეფიციტის პრობლემა დროთა განმავლობაში სულ უფრო მძაფრდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე 48-საათიანი სამუშაო კვირის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.
BM.GE-ისთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამ მდგომარეობიდან 2 გამოსავალს ხედავს, სიაში აღნიშნული დარგების დაბრუნებას და საკანონმდებლო ცვლილებებს.
„კადრების დეფიციტის გამო ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი. მას შემდეგ, რაც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმების მქონე დარგებიდან მშენებლობის, რიტეილ და ჰორეკა სექტორის ამოღება მოხდა, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გართულდა. ჩვენი კანონმდებლობა არ უშვებს იმას, რომ დასაქმებულმა შესაძლოა 8 საათით მეტი იმუშაოს კვირაში და მასზე განსხვავებული სახელფასო ანაზღაურება გაიცეს.
აქ ორ გამოსავალს ვხედავთ, ერთი ამ დარგების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმების მქონე დარგების ჩამონათვალში დაბრუნების სახით, მეორე კი კანონში ცვლილებებია, რომელიც დროში უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს და რომლის მიხედვითაც თუ დამსაქმებელ-დასაქმებული შეთანხმდებიან, ხელშეკრულებაში დამატებით 8-საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო იყოს ასახული“, - განმარტა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ეს ისეთი საკითხი არ არის, რომელიც შეიძლება ერთ შეხვედრაზე გადაწყდეს, ამიტომ BAG მუშაობისთვის მზად არის და აქტიურ კომუნიკაციაშია მთავრობასა და სამინისტროსთან.
საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, კვირაში 40 საათს რ უნდა აღემატებოდეს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.