საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მზადაა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლოს. ამის შესახებ bm.ge-ის BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ რომ დღეს ასოციაციამ სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ.
საკანონმდებლო პაკეტი, ჯერჯერობით, საჯარო არაა; მათგან ერთ-ერთი - ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოიტანა და სავარაუდოდ, მოიწონეს კიდეც, მაგრამ თავად მინისტრს სხდომის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
თავი მხრივ, BAG-ში ირწმუნებიან, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტულ პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.
BAG-ში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივაა საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისათვის სრულიად დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, BAG მზადაა, ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლოს, რათა იმსჯელონ არა მხოლოდ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, არამედ იმაზეც არამედ იმაზეც, ჯანდაცვის როგორ სისტემას აშენებს ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ჯანდაცვის მინისტრისთვის ბიზნეს-ასოციაციაში მოსვლა ადრეც შეგვითავაზებია, მაგრამ მაშინ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ახლაც მზად ვართ; კარგი საბაბია. თუკი ჯანდაცვის სამინისტროს გაუჩნდა სურვილი, რომ გაამკაცროს რეგულაციები, მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ, არა მარტო იმაზე, რატომ გაჩნდა რეგულაციის იდეა, არამედ - გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის როგორი სისტემა გვინდა - გვინდა ყველაფერი ნაძვისხესავით სახელმწიფოზე იყოს ჩამოკიდებული თუ გვინდა, ეს იყოს უფრო ეფექტიანი და უფრო ეფექტიანი არის კერძო კომპანიების ჩართულობით. ჩვენი ხედვა სწორედ ასეთია. ეს ასოციაციაც ამ კომპანიების გაერთიანებაა და სწორედ ასეთი ტიპის ურთიერთობა იქნება უფრო სწორი და ჯანსაღი არა მხოლოდ ამ ინდუსტრიაში, არამედ, ზოგადად ეკონომიკაში“, - განუცხადა bm.ge-ის ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს საჭიროებს.
„რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტმა უნდა დაგვანახოს ბაზრის მონაწილეებს, რამდენად ნეგატიური ან პოზიტიური გავლენა ექნება მას, რომ მერე კარგად ვნახოთ ის შედეგები რაც მოჰყვება, ამიტომ ამ დოკუმენტის გარეშე ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, თან ეჭვი მაქვს, რომ მთავრობის მოთხოვნა მისი დაჩქარებული წესით იქნება, სრულიად დაუშვებელია“, - აღნიშნა მან.