მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათში ₾2.5 მლნ-ის ობიექტები ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა - აუდიტი

ბაღდათი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022–2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, მერიამ ჩაიბარა 2,519,400 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ვერ დაინერგა კონტროლის ეფექტიანი პროცედურები, რის შედეგადაც მერიამ ვერ უზრუნველყო სათანადო ხარისხის პროექტების მიღება. დაზიანებულ ობიექტებზე პასუხისმგებელი სუბიექტები არ გამოვლენილა და ზარალის ანაზღაურების ღონისძიებები არ ჩატარებულა.

"2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტმა 41 ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით − 15 მილიონ 064 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებდა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. ხელშეკრულებებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები.
წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა კომისიისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნების საფუძველზე. აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. გამოვლინდა, რომ ნაწილობრივ დაზიანებულია 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული პროექტები, საერთო ღირებულებით – 2 მილიონ 519 ათასი ლარი", - წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნით, დაზიანების მიზეზი ძირითადად სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევა და არასათანადო კონტროლია. მერიის შესაბამისი სამსახური არ განახორციელა ყველა ობიექტის მონიტორინგი და არ მოითხოვა ხარვეზების გამოსწორება მიმწოდებელი ორგანიზაციებისგან.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეიმუშაოს დეტალური სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლის ყველა ეტაპის განხორციელებას, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას და ხარისხიანი პროექტების მიღებას. ასევე, საჭიროა დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და პრობლემების აღმოფხვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები