მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე "გამოძიება გრძელდება" - რა იციან უწყებებმა ერთი თვის შემდეგ?

ბაგა-ბაღები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება კვლავ გრძელდება - ამის შესახებ BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს.

გამოძიება 18 სექტემბერს ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით დაიწყო.

„გამოძიება მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება დეტალური ინფორმაცია“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში აიღეს.

„ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს“, - განაცხადეს 15 ოქტომბერს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა. აღსაზრდელების ნაწილს პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ზოგიერთ ბაღში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.

19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ამავე დღეს საკითხს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურების მოკვლევის დასრულებამდე არასწორი იქნებოდა მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ პრობლემა საკვებმა გამოიწვია, ან ამ ვერსიის გამორიცხვა.

20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) განაცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგებით, შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. მოგვიანებით ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსით იყო გამოწვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები