თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველა საბავშვო ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, პარალელურად კი მკაცრდება სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მასზე კონტროლი.
ახალი პროტოკოლის მიხედვით:
- ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ განხორციელდება;
- ტერიტორიის სრული დეზინფექცია ჩატარდება ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს;
- გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც ბავშვთა კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების წესებში.
"ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.
ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.
შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს", - წერს სააგენტო.
bm.ge-ს დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად როგორ განისაზღვრა კვების პროტოკოლი, ბაღების სააგენტოში არ გვიპასუხეს.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ". უკვე დღეს, 20 სექტემბერს NCDC-მ თქვა, რომ ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.
























