მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღებში ბავშვთა კვებისთვის 112-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისი
03.12.23 12:14
716

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისამდე საბავშვო ბაღების კვების უზრუნველყოფისთვის 112 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერის მოცულობაა 79.4 მილიონი ლარი და ის ქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგებას შეეხება, ხოლო მეორე ტენდერის მოცულობაა 32.5 მილიონი ლარი და მისი მეშვეობით მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგება უნდა მოხდეს.

სატენდერო პირობების თანახმად ბაღები უნდა მომარაგდნენ 59 დასახელების საქონლით, რომელთა მიწოდებაც დასახელების მიხედვით ყოველდღიურად; 5;10 დღეში ერთხელ ან თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

“საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს და დანართი N1-ით („ტექნიკური დავალება“) გათვალისწინებულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი და ქათამი) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შემოტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2).

პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

შემსყიდველ(ებ)ის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარადგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული პროდუქტების ნებისმიერი სახის დოკუმენტი,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გამოქვეყნებული პირობების თანახმად პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 8 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები