მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bakuriani Inn: კურორტი წელს ინფრასტრუქტურულად უფრო განვითარებულია

ბაკურიანი ინნ

განთავსების ობიექტის "ბაკურიანი ინნ"-ის კომერციული დირექტორის, ნინა ხოტივარის განცხადებით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე ბაკურიანი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გაცილებით განვითარებულია, ვიდრე გასულ წლებში, რაც კურორტს და კონკრეტულად სასტუმროებს მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, სეზონი პიკშია და მაღალი დატვირთვა არა მხოლოდ “ბაკურიანი ინნ”-ში, არამედ მთლიანად კურორტზე ფიქსირდება.

„ბაკურიანი ზამთრის სეზონს მაღალი დატვირთვით ხვდება. შარშან, ინფრასტრუქტურის მხრივ გარკვეული გადატვირთვა შეინიშნებოდა - ქუჩები, ნარჩენების გატანის საკითხები, თუმცა წელს, თუნდაც ტრასების განვითარების კუთხით, კურორტი ბევრად უკეთ არის მომზადებული და ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ მომხმარებელს ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნავს ნინა ხოტივარი.

მისი თქმით, ეს უკვე მესამე ზამთარია, როცა ბაკურიანი მაღალი დატვირთვით მუშაობს, განსაკუთრებით იანვრის პირველ ნახევარში.

"ტენდენციურად, 15 იანვრიდან შედარებით ნაკლები მომხმარებელია, რაც შიდა ბაზარზე დასვენების კალენდრით არის განპირობებული, თუმცა 13 მარტამდე მაინც ვინარჩუნებთ მაღალი დატვირთვის კოეფიციენტს. საშუალო დატვირთვა დაახლოებით 75%-ის ფარგლებშია, პიკურ დღეებში კი სრულ დატვირთვაზე ვსაუბრობთ", - აცხადებს კომერციული დირექტორი.

ნინა ხოტივარის ინფორმაციით, შეიცვალა ჯავშნების ტენდენციაც - თუ წინა წლებში სტუმრები ძირითადად მოკლე ვადაში აკეთებდნენ დაჯავშნას, წელს წინასწარი ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„წელს, ტენდენცია არ მოიცავს ექვსი თვით ადრე გაკეთებულ ჯავშნებს, მაგრამ დაახლოებით ერთი თვით ადრე დაჯავშნა საკმაოდ აქტიურია და ეს წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად გაიზარდა. ვფიქრობ, ეს მომხმარებლის ქცევის ცვლილებით და ბაზრების დივერსიფიკაციით არის განპირობებული“, – ამბობს ის.

მისივე შეფასებით, თებერვლისა და მარტის მოლოდინი პოზიტიურია, როგორც დატვირთვის, ისე მოთხოვნის კუთხით.

რაც შეეხება ბაზრებს, ნინა ხოტივარი აღნიშნავს, რომ წელს განსაკუთრებით აქტიური იყო მეზობელი ქვეყნები – სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუმრების რაოდენობა ბელარუსიდან: "აქტიური იყო ქუვეითი და კატარი, ასეთი მოცულობები ამ ბაზრებიდან ადრე არ გვქონია. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შემოვიდა ევროპული ბაზარი, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რაც შესაძლოა პირდაპირი ფრენების ეფექტსაც უკავშირდებოდეს. აქტიურია პოლონეთიც და ისრაელიც, რომლის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია", – აცხადებს “ბაკურიანი ინნ”-ის კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები