მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაკურიანი რას დავამსგავსეთ?! ბათუმი მხოლოდ ღამეა ლამაზი... თბილისი რას ჰგავს? - მახინჯია" | სოფო დარბაიძე

ბათუმი

ტურისტული კომპანია Milky Way-ს თანადამფუძნებელი სოფო დარბაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ხედვის არქონა და ურბანული გარემოს დამახინჯებაა, რაც ქვეყნის მიმზიდველობას ამცირებს და არასწორ ტურისტულ სეგმენტს იზიდავს.

"ბაკურიანი რას დავამსგავსეთ?! ქუთაისი?! ბათუმი მხოლოდ ღამეა ლამაზი... თბილისი რას ჰგავს? - ძალიან მახინჯია..." - აცხადებს ტუროპერატორი „წერტილთან“ ინტერვიუში.

სოფო დარბაიძე, რომელიც ამჟამად გამყვანი ტურიზმის ბიზნესში საქმიანობს, ხაზს უსვამს იმ კონტრასტს, რაც ქართულ ქალაქებსა და ევროპის სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებობს.

„ვიცი, რასაც ვამბობ, ძალიან ბევრს ეწყინება... ზოგადად, ქართველებს კრიტიკული აზრის მოსმენის და მიღების სურვილი არა გვაქვს, მაგრამ ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს, ამიტომ ვსაუბრობ [პრობლემებზე]... ბევრი ევროპული ქვეყანა ვნახე და თურმე შესაძლებელი ყოფილა, ტურიზმი განავითარო და თან შეინარჩუნო კულტურული მემკვიდრეობა, არ დაამახინჯო ქალაქები - ერთადერთი ნება და სწორი და დროული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო...

რატომ გვინდა, რომ მეორე დუბაი გავხდეთ?! დუბაი უკვე აქვს სამყაროს და მეორე აღარ სჭირდება... თან დუბაის არ ჰქონდა არც ბუნება, არც არქიტექტურა, არც კულინარია... ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რა გავაკეთეთ?! ავაშენეთ ცათამბჯენები - ბათუმი მხოლოდ ღამით შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ დღისით ბათუმს თუ ნახავთ, საშინლად უშნოა თავისი დაუსრულებელი შენობებით და ცათამბჯენებით. ეს არავის არ სჭირდება - საქართველოში ამით ტურისტს ვერ მოვიზიდავთ“, - ამბობს სოფო დარბაიძე.

ტუროპერატორი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს არ სჭირდება "მეორე დუბაი", ამიტომ საქართველომ თავისს კულტურულ და ბუნებრივ დოვლათზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

„ვცდილობ ხოლმე, ქართველებისთვის მარშრუტები ავაწყო ისე, რომ ქართველ ადამიანს დავანახვო, რომ კი, ჩვენ კარგი ბუნება გვაქვს, ის, რაც სამყარომ დაგვაბერტყა, მაგრამ ჩვენ რას ვქმნით - ეს არის მნიშვნელოვანი. ერმა, ადამიანებმა, ასე მგონია, იმით უნდა იამაყონ, თვითონ რა შექმნეს და რა მიამატეს ბუნების საოცრებას... ამდენად, ვცდილობ, ტურისტები მივიყვანო ისეთ ევროპულ სოფლებში, სადაც როგორღაც ადამიანებმა მოახერხეს და ტურიზმიც არსებობს, შემოსავალიც არსებობს, მაგრამ არ დაამახინჯეს ადგილები ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ დავამახინჯეთ ძალიან ბევრი სოფელი, დაბა თუ ქალაქი“, - აღნიშნა სოფო დარბაიძემ.

საქართველოს ტურიზმში არსებულ პრობლემებზე საუბრისას „მილქი ვეის“ დამფუძნებელი ოლიგარქიას და კორუფციასაც შეეხო, როგორც ყველა პრობლემის სათავეს. ის დარწმუნებულია, რომ თუ ფინანსური რესურსი მიზნობრივად დაიხარჯება, (მაგალითად, ძველ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღსადგენად) ქვეყანა ბევრ „ღირებულ ტურისტს“ მოიზიდავს.

„ისეთ მოგზაურებს, რომელსაც მართლა ჩვენი კულტურა აინტერესებს და ასეთი ევროპელი და ამერიკელი ტურისტია“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები